ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან სოფელ მერეთში ხარაგაულის თეატრმა სპექტაკლი გამართა
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში ხარაგაულის თეატრის დასმა 29 მაისს სპექტაკლი გამართა.

ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის  ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „თანამდევი სული“ ჩაიტანა.

„ამ სპექტაკლის ჩვენებით, ჩვენი თეატრის დასს გვსურს, რომ საქართველოს სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისადმი თანადგომა და პატივისცემა გამოვხატოთ,“ – ამბობს თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე.

ირინე ჩხეიძის რეჟისორობით შექმნილი ეს სპექტაკლი მაყურებელმა სხვადასხვა დროს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ყვარელში იხილა.

ხარაგაულის სახალხო თეატრი გასულ წლებში სპექტაკლით „თანამდევი სული“ ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წარსდგა.

ხარაგაულის სახალხო თეატრმა ამ სპექტაკლით ორჯერ „გრან-პრი“ მოიპოვა, – 2012 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, 2013 წელს – თურქეთის ქ. ქემერში გამართულ თეატრალური ფესტივალზე.

სპექტაკლის პარალელურად, სკოლის მოსწავლეები საკუთარი შემოქმედებით წარსდნენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები