ახალი ამბები
1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია
საქართველოში დაბადებიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხობრივი მაჩვენებელი 2015 წელს, წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია.

ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია მოცემული, რომლის პრეზენტაცია უჩა ნანუაშვილმა დღეს წარადგინა.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა და ბავშვის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში, მიმოიხილეს 2015 წელს ბავშვთა ინსტიტუციებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და ბავშვის უფლებათა დარღვევების ცალკეული შემთხვევების სტატისტიკა, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს რეკომენდაციები, რომლითაც სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მიმართა.

ისაუბრეს ბავშვის მიმართ ძალადობის, ბავშვთა სიღარიბის, სოციალური სამსახურის, ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის, ბავშვის განათლების უფლებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

თუმცა, ანგარიშის მიხედვით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე კვლავაც მკვეთრად აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს.

ამ უკანასკნელის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე 6–ს შეადგენს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე არის 12.1297.

როგორც აღნიშნული სფეროს ანალიზიდან ჩანს, საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობაზე ისეთი ფაქტორები მოქმედებს, როგორიცაა ორსულთა პატრონაჟის სისტემა, მეან–გინეკოლოგებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, პერინატალური მომსახურების ხარისხი, უკიდურესი სიღარიბე, მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე, რაც თავის მხრივ უკავშირდება ინფორმაციული ხელმისაწვდომობის უფლებას და ა.შ.

2014–15 წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებიდან იკვეთება, რომ ბავშვთა ჯანდაცვისა და სიკვდილიანობის სფეროში სამედიცინო პერსონალის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს გულგრილობის ფაქტებს.

გამოიკვეთა, რომ მედიცინის მუშაკები არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ აწვდიან სათანადო ინფორმაციას.

შესაბამისად, მშობელი არ არის სათანადოდ ჩართული არასრულწლოვანის მკურნალობის პროცესში. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევებში, დღის განმავლობაში მშობლებს ბავშვის სანახავად დაახლოებით ერთი საათი აქვთ გამოყოფილი, რაც არასაკმარისია. 

2015 წელს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მიერ შესწავლილ იქნა 0–დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების 23 და 1–დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების 9 შემთხვევა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განხილულ იქნა ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების 15 საქმე, რაზეც პროფესიული პასუხისმგებლობ დაეკისრა 33 ექიმს.

საბჭოს მიერ შესწავლილი იქნა 1–დან 5 წლამდე ასაკის მცირეწლოვანთა გარდაცვალების 3 შემთხვევა, ხოლო პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 ექიმს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მცირეა ნეონატოლოგებისა და პედიატრების რიცხვი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის მონაცემების მიხედვით 0-1 ასაკის ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში, ხშირია, როდესაც ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილი ერთმანეთს არ ემთხვევა, ვინაიდან ახალშობილთა სიკვდილიანობა, ძირითადად, ფიქსირდება მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში.

საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე კლინიკები ხშირად ვერ უწევენ მათ შესაბამის მომსახურებას და აუცილებელი ხდება ახალშობილთა ტრანსპორტირება.

პრობლემას წარმოადგენს, აგრეთვე, ნეონატალოგთა კადრების ნაკლებობა. მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოებიდან შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმების გარკვეული პერიოდულობით მივლინება რაიონების საავადმყოფოებში, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს იქ მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები