ახალი ამბები
კეხიჯვრის სკოლის შენობის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია
კეხიჯვრის საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზი და სველი წერტილები სავალალო მდგომარეობაშია.

ამის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელში გავრცელდა.

ფოტოების მიხედვით, მოშლილია წყალგაყვანილობის, ელეტრო და საკანალიზაციო სისტემა.

საპირფარეშო, რომელიც შენობიდან 100 მეტრზე მდებარეობს, თითქმის არ ფუნქციონირებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ქარელის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს და აღნიშნული სოფლის სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძე აღნიშნავს, რომ სპორტული დარბაზი სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, სხვა დანარჩენს კი დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.

დირექტორი ლეილა ოსიტაშვილი გვეუბნება, რომ სკოლის რეაბილიტაცია უახლოეს ხანებში დაიწყება.

ოსიტაშვილის განმარტებით სკოლა 1981 წელს აშენდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

კეხიჯვრის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყება, აღნიშნულის შესახებ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გვითხრა.

სამუშაოებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დააფინანსებს.

კეხიჯვრის საჯარო სკოლაში სულ 292 მოსწავლე ირიცხება.

 






 

Print

სტატიის გამოყენების პირობები