ახალი ამბები
კურორტ გოსტიბეს გზის პროექტი დამტკიცდა
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის თაობაზე, დეპუტატებს შორის ხმაური ატყდა.

თელიანი-სასირეთისა და ქვემო გომის მაჟორიტარი წარმომადგენლები პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს ადანაშაულებენ.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი და ალექსანდრე მძინარაშვილი ფონდის მიერ გამოყოფილი თანხების გარკვეულ ნაწილს თავიანთი სოფლების გზის მოასფალტებისთვის ითხოვენ.

თუმცა, ორივე დეპუტატის წინადადებების საწინააღმდეგოდ, გამგეობამ კურორტ გოსტიბე-ცხავერის გზის პროექტი მაინც წარადგინა.

14,5 კმ გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციის გეგმა დეპუტატების უმრავლესობამ მოიწონა.

მოწინააღმდეგე დეპუტატებს აუხსნეს, რომ ,,მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის" თანხა, მხოლოდ, მთის სოფლებზე ნაწილდება და ვერანაირად ვერ დაიხარჯება დაბალზონაში მდებარე თელიანზე და გომზე.

რაც შეეხება თელიანისა და გომის გზას, გამგეობის ინფორმაციით, ქვემო გომთან დამაკავშირებელი მონაკვეთი საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, ხოლო  გზის ის მონაკვეთი, რომელზეც თელიანის წარმომადგენელი საუბრობს, დასახლებულ პუნქტს შემოვლით უკავშირდება.

კიდევ ერთი ფონდის, ,,რეგიონალური განვითარების ფონდის" თანხებიც უკვე განაწილებულია. გამგეობის წარმომადგენლების მტკიცებით, ჯერჯერობით ვერც ამ ფონდის თანხა იქნება გათვალისწინებული თელიანისთვის, რადგან პრიორიტეტულად ახალი თანხის გამოჩენის შემთხვევაში, კოდისწყაროს გზაა ჩასმული.

ცხავერი-გოსტიბის გზაზე 1 მლნ 090 000 ლარი დაიხარჯება. აქედან დაახლოებით 55 ათას ლარს კასპის გამგეობის ბიუჯეტი გაიღებს.

კასპის საკრებულოს დამტკიცებულ პროექტს, ამჯერად, შიდა ქართლის გუბერნატორთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოზე დაამტკიცებენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები