ახალი ამბები
გამგეობა ახალ პიკაპს ყიდულობს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალი გამავლობის, არანაკლებ 2015 წლის გამოშვების პიკაპს ყიდულობს.

ამის შესახებ შესყიდვების განყოფილებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ავტომანქანის საწყისი ფასი 58 400 ლარია.

პრეტენდენტს პარალელურად ერთი მომსახურების სერვისი შიდა ქართლში ან თბილისში უნდა ჰქონდეს.

აღნიშნულმა სერვის ცენტრმა ახალი მანქანისთვის გეგმიური ფინანსური მომსახურების მიღება უნდა უზრუნველყოს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მაღალი გამავლობის პიკაპი უკვე ჰყავს, რომლის მეშვეობით მაღალმთიან დასახლებაში გადაადგილება ხორციელდება.

შესყიდვების დოკუმენტში კი მანქანის დანიშნულება მითითებული არაა.

განყოფილების უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტებში მსგავსი შინაარსის განაცხადი არ იწერება.

,,ზოგადად, გამგეობას მაღალი გამავლობის მანქანა მაღალმთიან დასახლებაში სამოძრაოდ ჭირდება" - ამბობს თარხნიშვილი.

მისი ინფორმაციით, უკვე არსებული მანქანა დაზიანებული არაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები