ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორში მომხდარი მკვლელობის შემდეგ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო მთავრობის შს მინისტრმა ახსარ ლავოევმა მიიღო.

იზოლატორის გადაკეთება მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთერთი ბრალდებული აცამაზ თოთოევი მოკლეს.

კერძოდ, ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 2016 წლის იანვარში, ავტოავარიის დროს დაღუპულის შვილმა, სასამართლოს დარბაზიდან გაყვანილი ბრალდებული იზოლატორის შესასვლელში მოკლა.

დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურამ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ციხის თანამშრომლებს კი, შესაძლო თანამონაწილეობის გამო, უფლებამოსილება შეუჩერა.

თოთოევს ბრალად ორი ქალის მკვლელობა ედებოდა. ის ცხინვალში ავტომანქანით მთვრალი მოძრაობდა და ქალბატონებს დაეჯახა.

სწორედ ერთერთი ქალის შვილმა თემურ ქობოსოვმა ესროლა თოთოევს.

იზოლატორში მომხდარ მკვლელობის თანამონაწილეობის ფაქტზე კონკრეტული პირის მიმართ ბრალეულობა ამ დრომდე არ გამოუკვეთავთ.

ახსარ ლავოევი აცხადებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორი არახელსაყრელ ადგილას მდებარეობს.

რადგამ შენობას შესასვლელი კარი ქუჩის მხრიდან აქვს და არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს.

ცხინვალის იზოლატორში ის პატიმრებიც იმყოფებიან, რომლებსაც საოკუპაციო სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფ სოფლების სიახლოვეს აკავებენ ხოლმე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები