ახალი ამბები
რეგიონებში ვაინახური კულტურის ფესტივალი იმართება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ოთხ ქალაქში ვაინახური კულტურის ფესტივალს მართავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი დღეს ქუთაისში ოპერის თეატრში, ხოლო ხვალ ბათუმის საზაფხულო თეატრში დასრულდება.

კულტურული ღონისძიებები 2 ივნისს დუშეთის კულტურის სახლში დაიწყო და 3 ივნისს კი, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხეზე გაგრძელდა.

ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში საფრთხე შეექმნა კულტურის წარმოჩენას. მუსლიმი თემის ერთი ნაწილისთვის, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიუღებელი გახდა მუსიკა, ცეკვა, რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც ხეობის, თემის, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა შეეძლო, უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე. ისინი კი, ვინც ამ დრომდე მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილები.

„არასაკმარისია ის ღონისძიებები, რომლის მიზანიც არის გააუმჯობესოს და აღძრას ურთიერთნდობის გრძნობა მოსახლეობის უმრავლესობასა და ეთნიკურ უმცირესობას შორის, რითაც მოხდებოდა ქვეყანაში ტოლერანტული და მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობა“, – ამბობს ლეილა აჭიშვილი, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და რეგიონული მედიის ხელშეწყობით ტარდება. ფესტივალის საინფორმაციო მხარმაჭერები არიან – პანკისის სათემო რადიო WAY, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, გაზეთი ბათუმელები, ტელეარხი 25, sknews.ge, ახალი გაზეთი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია 2016 წლის თებერვალში დაფუძნდა „სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ახორციელებდა.













Print

სტატიის გამოყენების პირობები