ახალი ამბები
გამგებელმა საყვედური მიიღო
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა, სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების გამო, საყვედური მიიღო.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ონიაშვილი იმ პროექტების გარეშე მივიდა, რომლებიც მთიანი დასახლების ფონდიდან უნდა დაფინანსებულიყო.

ჯერ კიდევ, შეხვედრამდე, 10 დღით ადრე, გამგებლებს საკონსულტაციო საბჭოს აპარატიდან დოკუმენტების წარდგენა დაავალეს, კერძოდ, უნდა მომხდარიყო რიგგარეშე საკრებულოს სხდომების მოწვევა, დეპუტატების მიერ მათი მოწონება, შემდეგ მოწონებული პროექტების განხილვა საბჭოზე.

გორის რაიონის მუნიციპალიტეტის გარდა ქარელში, ხაშურში და კასპში ეს პროცედურა წარმატებით ჩაატარეს.

ქარელის, კასპისა და ხაშურის გამგებელმა  საკრებულოებიდან თანხმობა უკვე მიიღეს.

ოქრომელიძემ დავით ონიაშვილს უთხრა, რომ თუ რამ პროექტი აქვთ გამზადებული, მომდევნო სამუშაო დღისთვის, სასწრაფოდ, საკრებულოს წინაშე წარედგინათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ რაიონის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა უნდა მოწვეულიყო. ონიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მერეთი-გუგუტიანთკარის გზის რეაბილიტაციის პროექტი აქვთ მზად.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მომდევნო დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაარკვია, რომ რიგგარეშე სხდომა მაინც ჩაინიშნა, რადგან გამგეობიდან არავითარი პროექტი არ წარუდგენიათ.

,,გეგმიური სხდომა ყოველი თვის მეორე პარასკევს გვაქვს ხოლმე. ამ თვეში სხდომა 10 ივნისს გვაქვს ჩანიშნული. დღეის მდგომარეობით არაგეგმიური სხდომა არ იგეგმება" - აცხადებს საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი ღვინიშვილია.

რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი, რომელიც საკონსულტაციო საბჭოს ესწრებოდა, ამბობს, რომ თუკი კი გამგეობიდან რაიმე პროექტი შევა, არაგეგმიურ სხდომას მაშინვე ჩანიშნავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები