ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფლების ტერიტორიიდან ორი მოქალაქე დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, აძვისა და ფლავისმანის მოქალაქეების დაკავების ფაქტს ადასტურებს.

ამის შესახებ  ინფორმაციას ოსური და რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს და დოკუმენტებს სასამართლოში წარსადგენად ამზადებენ.

,,კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით კი, დაკავება რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლების მიერ მოხდა.

სოფელ აძვში თვითმხილველები დაკავების ფაქტს განსხვავებულად ჰყვებიან.

თვითმხილველი დავით მჭედლიშვილი ამბობს, რომ მისი თანასოფლელი ვახტანგ მჭედლიშვილი ოსმა სამხედროებმა, იარაღის გასროლის ფონზე, წაიყვანეს.

9 ივნისს ვახტანგ და დავით მჭედლიშვილები საქონელს აძოვებდნენ. ამ დროს უაზის ტიპის ავტომანქანით ოთხი შეიარაღებული პირი მათ სიახლოვეს მივიდა.

ვახტანგ მჭედლიშვილი ამ დროს ერთ-ერთი ძროხის მოსაბრუნებლად თანასოფლელებთან შედარებით მოშორებით იმყოფებოდა.  

,,მანქანიდან ოთხი პიროვნება გადმოხტა, იარაღი გაისროლეს და ვახტანგ მჭედლიშვილს გაჩერება უბრძანეს. ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ. მოკიდეს ხელი და გადაიყვანეს თავიანთ ტერიტორიაზე. მერე ჩვენც გვეძახდნენ, მოდით-მოდითო" - იხსენებს თვითმხილველი ვახტანგ მჭედლიშვილი.

იმავე საღამოს, კიდევ ერთ სოფლიდან ფლავისმანიდან მოხდა ადგილობრივის დაკავება. გიორგი სოხატერიც ცხინვალში გადაიყვანეს.

ვახტანგ მჭედლიშვილი 62 წლისაა, ხოლო გიორგი სოხატერი - 33 წლის. 

,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, მანამდე, ბოლო დაკავება 22-23 მაისს მოხდა. 3 ქართველი მოქალაქე ცხინვალის სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

დაკავების მიზეზი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ფაქტია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები