ახალი ამბები
თბილისში მომხდარ ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
მდინარე ვერეს ადიდებით გამოწვეული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.

2015 წლის 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა. 2 ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  ერთ-ერთ ქუჩას დღეს,  სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება.

ზურაბ მუზაშვილმა 8 ადამიანი გადაარჩინა.

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველისა და მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათას ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000-ლარიან შემწეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის შემდეგ განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 65 ოჯახს საცხოვრებელის შესაძენად მთავრობამ უკვე გამოუყო თანხა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

„თუმცა, უდიდესი უმრავლესობა არის დაბინავებული და სარემონტო სამუშაოები უტარდება ძალიან ბევრ ბინას. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღასადგენად ასევე 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება, ცხოველები გადმოგვცეს და დღეს ზოოპარკი ისევ არის ღია“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

მომზადებულია დასკვნა, თუ სად არის საშიში ცხოვრება.

დღესვე, 23:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში დაღუპულთა სახელზე დარგულ ხეებთან, სტიქიის დროს გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივს მიაგებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები