ახალი ამბები
გორის ,,დილას" შეძენა ისრაელის მოქალაქეებს სურთ
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ებრაელ სპონსორებთან, საფეხბურთო კლუბ ,,დილას" შეძენასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს მართავს.

ამის შესახებ ქალაქის მერმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკება, ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ ამას დრო გვიჩვენებს.

ქალაქის მერი თვლის, რომ სპონსორების გამოჩენა სახელმწიფო მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას უკავშირდება.

კერძოდ, მისი აზრით, მას შემდეგ, რაც კლუბებისთვის მთავრობამ გარკვეული რაოდენობის თანხის გამოყოფა დააპირა, სპონსორებიც მაშინ გამოჩნდა.

მოლაპარაკების პროცესში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაც ჩაერთო.

გუბერნიის პრესსამსახურის გიორგი ედიშერაშვილიც ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება.

კონკრეტულად, რა საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, არავინ საუბრობს. ერთი ვერსიით, ადგილობრივი ხელისუფლება სპონსორს სასტუმროს აშენებას სთხოვს, რაზეც წინააღმდეგობა შეხვდა.

გორის ,,დილას" პრესსამსახური ზურაბ კარტოზია დეტალების გასარკვევად სპორტულ გამოცემა სპორტალ.გე-ზე გამოქვეყნებულ მასალის გაცნობას გვირჩევს.

აღნიშნულ სტატიაში კლუბის ფინანსურ პრობლემებზეა საუბარი. კერძოდ, კლუბს წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ, ხოლო მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის ხათრით, სათამაშოდ გარკვეული პერიოდი რჩებიან.

ამ სტატიით ირკვევა, რომ ფეხბურთელებიც ელოდებიან სპონსორებისა და მერიის მოლაპარაკების დასრულებას.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობს კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში, რომელიც, სავარაუდოდ, ქალაქის ხელმძღვანელობის პოზიციას უფრო მეტად უჭერს მხარს.

დამატებით დეტალებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი არკვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები