ახალი ამბები
გოჩა ავლოხაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს
გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე დაკავებული გოჩა ავლოხაშვილი გორის სასამართლოს მოსამართლემ ხელწერილით გაუშვა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ვალერიან ფილიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც მოწმეთა დაკითხვის საკითხი განიხილეს.

გოჩა ავლოხაშვილი 2016 წლის 17 ივნისს, პატრულთან წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

იმის გამო, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის მოთავსება წინასწარი დაკავების იზოლატორში 12 საათზე მეტ ხანს დაუშვებელია, შესაბამისად, ავლოხაშვილი სასამართლოს დასრულებამდე ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გათავისუფლდა.

სასამართლო პროცესები კი, შესაძლოა რამდენიმე კვირით გაიწელოს.

საქმე ისაა, რომ 2016 წლის 17 ივნისს, საღამოს 10 საათზე, მოქალაქეებსა და პატრულის ეკიპაჟის წევრებს შორის, დაპირისპირება მოხდა.

ამის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

პატრულის ეკიპაჟს მუსხელიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან ელექტროშოკის გამოყენება და იარაღის დემონსტრირება დაჭირდა.

გოჩა ავლოხაშვილი დააკავეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მუსხელიშვილის ქუჩაზე პატრულმა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დააჯარიმა. მიზეზად გზის სავალ ნაწილზე დგომა და მოძრაობის შეფერხება დაუსახელა.

მოქალაქე პატრულის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ გაჩერების ამკრძალავი ნიშანი არსად იდგა.

ამ კამათს არასრულწლოვნები ადევნებდნენ თვალყურს.

პატრულის თანამშრომლებმა არასრულწლოვნებს ჯიბეების ამოტრიალება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პოლიციის შენობაში გადაყვანით დაემუქრა.

ეკიპაჟის წევრებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ არასრულწლოვნები მობილური ტელეფონით გადაღებას ახორციელებდნენ.

პატრულისა და არასრულწლოვნების საუბარი იქვე მდებარე საცხოვრებელ სახლში გოჩა ავლოხაშვილს მოესმა. ის ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამაა.

გოჩა ავლოხაშვილმა პატრულის თანამშრომლებს ბავშვებთან ნორმალური საუბრის გამართვა ურჩია.

ამჯერად, კამათი პატრულსა და გოჩა ავლოხაშვილს შორის, ატყდა. ამჯერად ავლოხაშვილს დაემუქრნენ დაჭერით.

ეკიპაჟის წევრმა რიგითმა კაპანაძემ და ოცმეთაურმა დათიაშვილმა მისი დაკავება დაიწყეს. მუსხელიშვილის ქუჩაზე თითქმის მთელი უბანი გამოვიდა.

იარაღის დემონსტრირებამ და ელექტროშოკის გამოყენებამ არასრულწლოვნების მშობლები აღაშფოთა. ისინი პატრულის თანამშრომლების ქმედებებს აპროტესტებდნენ.





ამ დაპირისპირებაში გოჩა ავლოხაშვილის მეორე შვილმა, გოგონამ დაზიანებები სახეზე მიიღო.

მის უფლებებს ამჟამად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს, ხოლო, დანარჩენი არასრულწლოვნების უფლებების დასაცავად, სავარაუდოდ, სახალხო დამცველის ოფისი ჩაერთვება.

ამჯერად, გამოძიება გრძელდება და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ფილიშვილზეა დამოკიდებული.

სასამართლო სხდომაზე ფილიშვილმა უბნის მცხოვრებთა მიერ ჩაწერილი ვიდეოკადრები მტკიცებულებად არ მიიღო. აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ ადვოკატი ზაზა გიგაური შემთხვევის ადგილზე არასრულწლოვნების სახეზე მიღებულ დაზიანებებს აფიქსირებს.

პროცესზე პატრულის გადაღებული კადრები გამოაქვეყნეს.

ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ მოუწოდებს გოჩა ავლოხაშვილი პატრულის თანამშრომლებს, რომ არასრულწლოვნებთან ნორმალურად ისაუბრონ.



იხ. ამავე თემაზე:

რა მოხდა მუსხელიშვილის ქუჩაზე (VIDEO)


Print

სტატიის გამოყენების პირობები