ახალი ამბები
სკრის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის ეზო მოაპირკეთეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში, საბავშვო ბაღის ეზო მოპირკეთდა და აღსაზრდელებისთვის მინი ატრაქციონები დამონტაჟდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების" წარმომადგენლებმა აცნობეს.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრებმა ბაგა – ბაღის პედაგოგებისთვის ასევე ჩაატარეს ტრენინგი თემაზე – “სკოლამდელი ასაკის თავისებურებები”.

პარარელურად, საერთაშორისო ორგანიზაციამ “გადავარჩინოთ ბავშვები”, პროექტის „ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება შიდა ქართლში“, შედეგები წარადგინა.

ბაგა-ბაღის ეზოში, ახალგაზრდული კლუბის წევრებისა და ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით გასართობი აქტივობებიც მოეწყო.

ღონისძიებას გამგეობისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება შიდა ქართლში“ დაფინასებულია BPRM-ის (მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო / აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი) მიერ.

პროექტს ორგანიზაცია 2013 წლიდან ახორციელებს.

2015-2016 წლებში, ახალგაზრდული კომპონენტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში – ხურვალეთში, შავშვებში, სვენეთსა და სკრაში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბები.

მოსწავლეებმა, სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის შემდგომ, გამოიკვლიეს თემის და სკოლის საჭიროებები, მოახდინეს მათი პრიორიტიზირება და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად პროექტები მოამზადეს.

ახალგაზრდების მიერ, „გადავარჩინოთ ბავშვების“ მხარდაჭერით სულ 7 პროექტი განხორციელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები