ახალი ამბები
ახალგორთან ხილ-ბოსტნეულით დატვირთული მიკროავტობუსების რიგებია
რუსეთის მესაზღვრეები ოკუპირებულ ახალგორის რაიონის გამშვებ პუნქტთან პროდუქტით დატვირთულ მიკროავტობუსის ჩხრეკას ვერ აუდიან.

ამის გამო, ყოველდღიურად 200-მდე ავტომანქანას და მის მგზავრებს ხანგრძლივ რიგში დგომა უწევთ.

ამის შესახებ სპეციალურ რეპორტაჟს ოსური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

მაგალითად, დღეს სამხედროებმა ახალგორში მცხოვრები ვინმე ზაზას მიკროავტობუსი ძირეულად გაჩხრიკეს, რადგან ეჭვი გაუჩნდათ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, კონტრაბანდული საქონელი მიჰქონდა.

ჩხრეკისას 50 კგ-ზე მეტი წონის სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღმოჩნდა.

ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითო ადამიანს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან  თვეში მხოლოდ 50 კგ წონის პროდუქტების შეტანა შეუძლია.

სააგენტო ,,სპუტნიკი" წერს, რომ ხილი გასაყიდად ახალგორის პუნქტიდან სისტემატიურად შეაქვთ. ამას იმით ხსნიან, რომ თითო მიკროავტობუსში 10 ადამიანი ერთიანდება და პროდუქტის წონაც ნაწილდება.

ხილი დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამჯერ ძვირია. 

ახალგორის გამშვები პუნქტი 2010 წელს შეიქმნა. კონტროლიორები მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, რომლებიც რეგისტრირებულები ახალგორის რაიონში არიან, ასევე, იმათაც, ვისაც სპეციალური ნებართვა ცხინვალის უშიშროების კომიტეტიდან აქვთ მიღებული. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები