ახალი ამბები
,,ქართული ოცნების" გორის ოფისს წყლის გადასახადს სთხოვენ
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ,,ქართული ოცნების" გორის ოფისს წყლის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ.

ამის მიზეზი მრიცხველის გარეშე სასმელი წყლის მოხმარება გახდა.

თვენახევრის განმავლობაში მმართველი პარტიის წევრები წყლის გადასახადს არ იხდიდნენ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას ოფისის მეპატრონეს აკისრებენ.

შენობის მეპატრონე ამბობს, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველაფერი შენობის მესაკუთრეს ბრალდება.

პარტიის რაიონალური ორგანიზაციის თავჯდომარის გელა კაპანაძის განცხადებით, ადგილი აქვს ტექნიკურ გაუგებრობას:

,,ჩვენ როდესაც ამ შენობაში შემოვედით, ვითხოვდით სისტემის მოწესრიგებას და წყლის მოწედებას. წერილიც კი იყო გაგზავნილი წყალმომარაგების კომპანიაში. ფაქტიურად ჩვენ შეტყობინება გვქონდა გაგზავნილი. აღმოჩნდა, რომ მრიცხველის დამონტაჟებას სხვა პროცედურები ჭირდებოდა"- გვითხრა გელა კაპანაძემ.

თუ რა პროცედურები ჭირდებოდა, პარტიის იურიდიული სამსახურის უფროს მარლენ ნადირაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, უახლოეს ხანებში კომპანია წერილობით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის:

,,მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. ვერ გეტყვით დეტალებს. ოფისის ლოჯისტიკურ საკითხებს პარტიის ცენტრალური ოფისი აგვარებს" - აღნიშნავს მარლენ ნადირაძე.

,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაცია წერეთლის ქუჩაზე 2016 წლის აპრილის ბოლოდან განთავსდა. წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები შემოწმებაზე 2016 წლის ივნისის ბოლოს მივიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფისი მრიცხველის გარეშე იყენებდა წყალს, არც პარტიის წარმომადგენლები და არც შენობის მესაკუთრე ჯარიმის ოდენობაზე ინფორმაციას არ გვაწვდის.

იურიდიული ორგანიზაციის იურისტის მარლენ ნადირაძის თქმით, სავარაუდოდ, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევა და ქირის გადასახადთან ერთად შენობის მესაკუთრეს წყლის გადასახადს დაუმატებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები