ახალი ამბები
კასპის სამ საბავშვო ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება
ბაღების რეაბილიტაციის შემდეგ კასპის სამ საბავშვო ბაღს დამატებით 90 ბავშვის მიღება შეუძლია.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სექტემბრიდან ბავშვთა კონტინგენტი 500-მდე გაიზრდება.

სამუშაოები დღეს შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და მისმა მოადგილემ ამირან შავშიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპისდაათვალიერეს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სრული რეაბილიტაცია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით უტარდება.

ამ დრომდე აღნიშნულ დაწესებულებებში სკოლამდელ განათლებას 420 ბავშვი იღებდა, რეაბილიტიაციის შემდეგ თითოეულ ბაღს ახალი ჯგუფები დაემატება, რაც კიდევ 90 ბავშვს მისცემს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობას.

კასპის №1, №2 და №3 საბავშვო ბაღები ბოლო დრომდე სრული დატვირთვით ვერ ფუნქციონირებდა, რადგან შენობები (მათ შორის საკლასო ოთახები) რეაბილიტაციას საჭიროებდა.

ახალ სასწავლო წელს კი ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ და განახლებულ ბაღებში განაგრძობენ.

სარეაბილიტაციო სამუშაობს კომპანია ,,ფერლით–ჯორჯია“ ახორციელებს. სამუშაოები სამივე საბავშვო ბაღში 2016 წლის აგვისტოში დასრულდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 706 130 ლარს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები