ახალი ამბები
განათლების მინისტრთან შეხვედრას გორიდან 22 მასწავლებელი ესწრებოდა
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივით განათლების მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გორიდან 22 მასწავლებელი ესწრებოდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროფკავშირების გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია გაბროშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, ადგილობრივი გაერთიანება საკმაოდ ძლიერია, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით მოწყობილ კონფერენციაზე გორიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია წავიდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრა 2016 წლის 5 ივლისს გაიმართა.

საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) და ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ–ის) საგნის პედაგოგთა კონფერენციაში მონაწილეობა 800–ზე მეტმა წევრმა მასწავლებელმა მიიღო.

მინისტრი ზოგად განათლებაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო და სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების მისეულ ხედვაზე ისაუბრა.

დიალოგის ფორმატში მინისტრმა პედაგოგთა მოსაზრებებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

კონფერენციის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტებთანაც იმსჯელეს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები