ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურის კომისიის ექსპერტი გაათავისუფლა
ზაალ გუდაძე ილია მეტრეველმა მეორედ გაათავისუფლა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ მიაწოდა.

ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურის კომისიის ექსპერტ-კონსულტანტის გათავისუფლების შესახებ ბრძანება დღეს 2016 წლის 8 ივლისს გამოსცა.

ყოფილი საჯარო მოხელე ამ ყველაფერს წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა ილია მეტრეველმა, არამედ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მიიღო.

ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის პარტია ,,ქართული პარტიის" წევრია. ზაალ გუდაძე კი, ,,ეროვნული ფორუმის" მხარდამჭერი.

ქალაქ გორის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს და ილია მეტრეველის დღევანდელ ბრძანებას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ თედლიაშვილი ეხმაურება.

საკრებულოს დეპუტატი ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

„ზაალ გუდაძის გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია ლიმიტს ზემოთ თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებასთან. სხვა ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებთან ერთად ლიმიტის ზემოთ არიან დანიშნულები ირაკლი ოქრუაშვილი და მისი თანაგუნდელი კახა ერგემლიძე, სწორედ ამას ვუკავშირებ ზაალ გუდაძის გათავისუფლების ფაქტს.“ - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

საქმე იმაშია, რომ შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი ქალაქის საკრებულოში 13-ს არ უნდ აღემატებოდეს. შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხვი კი, 13-ზე მეტია. შტატგარეშე თანამშრომლებს შორის  ირაკლი ოქრუაშვილი (მრჩეველი) და კახა ერგემლიძე (მრჩეველი) ითვლებიან. 

ზაალ გუდაძე ხელშეკრულებით ექსპერტ-კონსულტანტად ინფრასტრუქტურის კომისიაში 2014 წლიდან მუშაობს.

პირველად მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ილია მეტრეველმა მიმდინარე წლის 16 ივნისს მიიღი, თუმცა იმავე დღეს ბრძანება გააუქმა და გუდაძე ხელმეორედ დანიშნა.

ამით შტატგარეშე თანამშრომელთა რიგითობა შეიცვალა.

თუკი ზაალ გუდაძე ოქრუაშვილამდე იყო დანიშნული, მისი ხელახლა დანიშვნის შემდეგ, ოქრუაშვილის შემდეგ რიგში გადაინაცვლა.

საკითხთან დაკავშირებით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირება სცადა, თუმცა ილია მეტრეველი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები