ახალი ამბები
ჭვრინისელი ხარაზიშვილების სახლის აღდგენის საკითხს სამთავრობო კომისიაზე განიხილავენ
ჭვრინისელი გურგენ და ლალი ხარაზიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღდგენის საკითხს დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციით კომისიის თანათავმჯდომარეებს 8 ივლისს მიმართა.

ხარაზიშვილების ოჯახის მდგომარეობის შესახებ მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მარტში მოამზადა.



სახალხო დამცველის რეკომენდაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიამ, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ხარაზიშვილების საცხოვრებელი სახლის აღდგენა/გამაგრებითი სამუშაოებისათვის თანხის გამოყოფის საკითხზე, გადაწყვეტილება შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მიიღოს.

საქმე იმაშია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ გურგენ ხარაზიშვილის განმარტებით, საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დააზიანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილმა რამდენიმე ჭურვმა. ამ ფაქტს ასევე ადასტურებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 თებერვლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური შეფასება.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლის აღდგენის თხოვნით, თუმცა 2009 წლიდან მოყოლებული, ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არც ერთ წელს არ აღმოჩნდა თანხა განმცხადებლის თხოვნის დასაკმაყოფილებლად.

სახალხო დამცველმა მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მოეწოდებინა ინფორმაცია უკვე გატარებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განმცხადებლის სახლის აღდგენა/რეაბილიტაციის მიზნით. პასუხად სახალხო დამცველს აცნობეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მხოლოდ მიმდინარე წლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს აფინანსებს, შესაბამისად მოქალაქის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

სათანადო საცხოვრებლის უფლება აღიარებული და გარანტირებულია რიგი საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით. ეს მუხლი, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის განმარტებით, გულისხმობს „ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებას“.

საჭიროა უმოკლეს ვადაში გამოიყოს თანხები სახლის გამაგრებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, რათა განმცხადებელი და მისი ოჯახი არ დარჩეს სათანადო საცხოვრებლის გარეშე, რაც დაარღვევს როგორც ამ პირთა უფლებას, ასევე, მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები