ახალი ამბები
გორში ოლიმპიელების მხარდასაჭერად ფანკლუბი შეიქმნება
გორში, მერიის ინიციატივით, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის წევრების მხარდამჭერი ფანკლუბი შეიქმნება.

აღნიშნული იდეა ძიუდოისტებთან, ვაჟა მარგველაშვილთან და ბექა ღვინიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გააჟღერა.

შეხვედრაზე ოლმპიელებს და მათ მწვრთნელებს - ანზორ თენაძეს და ნიკოლოზ ბიბილაშვილს წარმატებები უსურვეს.

ფანკლუბის გარდა, ქალაქის ტერიტორიაზე ბანერები სლოგანით ,,გორი-საქართველოს გამარჯვებისთვის“ გაიკვრება.

გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, დიდ ეკრანზე თანაქალაქელთა ასპარეზობას ადევნონ თვალი.

დაგეგმილია, ასევე, ფანკლუბიდან პირდაპირი გადაცემების ორგანიზება მერიის ფეისბუქგვერდის საშუალებით.

ოლიმპიადა მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა ღვინიაშვილთან ერთად ასევე გორის სპორტულ სკოლებში აღზრდილი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ გორის მერი გასულ კვირას შეხვდა.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში სულ 5 გორელი სპორტსმენია - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი  (ძიუდო), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის პრიზიორი  (თავისუფალი ჭიდაობა), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო), ევროპის ჩემპიონები - გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო). 

ცნობილი ხდება, რომ მთავრობა გორში მასშტაბურ სპორტულ არენის მშენებლობასაც აპირებს.

,,მერიის მოთხოვნას გორში მასშტაბური თანამედროვე სპორტული არენის მშენებლობის შესახებ სამთავრობო წრეებში უკვე მოჰყვა სერიოზული დაინტერესება. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი გორელის ოცნება, საკუთარ ქალაქში იხილოს მსოფლიოში აღიარებული გორელი სპორტსმენების ასპარეზობა, მალე ასრულდება, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“ - განაცხადა შეხვედრაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები