ახალი ამბები
გიორგი ვაშაძე კასპელებს შეხვდა
გიორგი ვაშაძესთან გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა ადგილობრივი მკვიდრი მანანა გოგებაშვილი, რომელმაც პოლიტიკოსს წლების წინ ოჯახისთვის გაკეთებული სიკეთე შეახსენა.

მანანა გოგებაშვილის შვილი, ნინო გოგებაშვილი იუსტიციის სახლში დედაქალაქში მუშაობდა.

ის სამუშაოდ კასპიდან თბილისში თითქმის ყოველდღე დადიოდა.

მოგვიანებით ექიმებმა ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ნინო სამსახურში სიარულსაც ვეღარ ახერხებდა.

,,განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რადგან მას ფიზიკურად აღარ შეეძლო სამსახურში კასპიდან თბილისში სიარული. ეს განცხადება მაშინდელ მინისტრს გიორგი ვაშაძეს აუტანეს. გიორგი ვაშაძემ ახალი დანიშვნის ბრძანება დაწერა. ჩემი შვილი კაპის სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლად დანიშნა და ცხოვრება გაუადვილა" - იხსენებს მანანა გოგებაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

მას შემდეგ ნინო გოგებაშვილმა ორი წელიწადი იცოცხლა. დედა ამბობს, რომ ფაქტობრივად სამსახურმა ნინოს დაავადება იოლად გადაატანინა.

ეს ამბავი გუშინ ნინოს დედამ ცრემლიანი თვალებით გაიხსენა.

ახალი პოლიტიკური მოძრაობა ,,ახალი საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კასპელებს კულტურის ცენტრის შენობის ეზოში შეხვდა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ რეგიონულ ტურნეს ადგილობრივი თანაგუნდელებიც ახლდნენ.

ვაშაძემ კასპელებს ახალი ინიციატივები და პოლიტიკური მიმართულებები გააცნო.

,,ვსაუბრეთ იმ პრობლემებზე რომელიც ამ რეგიონშია. პრობლემებზე, რომლის მოგვარებასაც უბრალოდ მონდომება ჭირდება." - განუცხადა ვაშაძემ კასპელებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები