ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყურძნის ჩაბარების ფასები განსაზღვრა
საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში ყურძნის მოსავალზე სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება სახელდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სახელმწიფო ბიუჯეტი 45 თეთრს, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრს, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 2 ლარს გაიღებს.

ყურძენს საწარმოები ჩაიბარებს.

მინისტრმა დღეს სპეციალური ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 2016 წლის რთველის კამპანიაში 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაერთვება.

გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე.

,,ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებს/ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. 2016 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

გარდა ამისა, მევენახებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის სახით, აგროდაზღვევა ხორციელდება.

დღეის მდგომარებით: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 22 ახალი, ხოლო გაფართოებულია 43 ღვინის მწარმოებელი საწარმო.

მინისტრის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

მიუხედავად საშუალო საექსპორტო ფასების კლებისა, ექსპორტის რაოდენობის მატების ხარჯზე, საერთო შემოსავალი თანხაში 2016 წელს წინა წლებთან შედარებით გაზრდილია როგორც ღვინის, ასევე ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შემთხვევაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები