ახალი ამბები
ცესკო პოლიტიკურ პარტიებისგან მხარდამჭერთა სიებს ელოდება
2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის პროცესი გრძელდება, რისთვისაც მათ შესაბამისი პროცედურები უნდა გაიარონ.

მიმდინარე წლის 13 ივლისიდან საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიების რეგისტრაციის პირობები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს, რის შემდეგაც მხარდამჭერთა სიები უნდა წარადგინოს .

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია;

ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.

პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (12 აგვისტო).

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები