ახალი ამბები
ფაქტ-მეტრის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება არის მცდარი
ტელეკომპანია “დიას” ეთერში გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ირაკლი ოქრუაშვილმა ქალაქში აზარტული თამაშების შეზღუდვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გორელი ახალგაზრდები წლის განმავლობაში ტოტალიზატორებსა და სათამაშო აპარატებში ორი მილიონამდე ლარს აგებენ. შესაბამისად, ქალაქში სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა აუცილებელია.

ოქრუაშვილის თქმით, სათამაშო კლუბებისა და ტოტალიზატორების ფუნქციონირება გორში დასაშვები იქნება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას, ცენტრიდან მოშორებით.

“პირველი იანვრიდან, როდესაც ახალი ბიუჯეტი იქნება მიღებული, ამოქმედდება ნორმა, რომლის მიხედვითაც ქალაქში ამ სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას… ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, ეს იქნება არაპირდაპირი აკრძალვა ამ ბიზნესისა გორში”. - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ორგანიზაცია ,,ფაქტ-მეტრმა" ოქრუაშვილის განცხადების სისწორე შეამოწმა და დაადგინა:

კერძო ობიექტების დახურვა ან გადატანა, თუ ის არ ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას, კერძო ბიზნესზე ზეწოლას და მის შეზღუდვას ნიშნავს, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

როგორც ფაქტ-მეტრმა დაადგინა, სათამაშო ბიზნესის შეზღუდვისა ან რეგულირების რაიმე ბერკეტი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ. ირაკლი ოქრუაშვილს კი ალტერნატიული “იურიდიული გამოსავალი” ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

გორში სათამაშო ბიზნესის ობიექტების გადასატანად იურიდიული საფუძველი, საქართველოს პარლამენტის მიერ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, არ არსებობს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება არის მცდარი.

იხ. შეფასების დასაბუთება ვრცლად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები