ახალი ამბები
საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს
ქალაქ გორის საკრებულოს აპარატის სამმა თანამშრომელმა სასამართლოში თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

დავის საგანს საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველის მიერ გამოცემული, 2016 წლის 16 ივნისით დათარიღებული ბრძანებები წარმოადგენს.

ამ ბრძანებების მიხედვით, აპარატის სპეციალისტები - ანა პაპელიშვილი, სოფო ოთინაშვილი და მედეა მახარაშვილი გათავისუფლებულები არიან სამსახურიდან.

სამი მათგანს სპეციალისტის თანამდებობები კონკურსის წესით ჰქონდათ მოპოვებული.

მათ გარდა, 16 ივნისს, ილია მეტრეველმა კიდევ ორი თანამშრომელი, ოღონდ, ხელშეკრულებით დასაქმებულნი გაათავისუფლა.

სასამართლოში სარჩელი, ილია მეტრეველის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, მხოლოდ, ანა პაპელიშვილმა, სოფო ოთინაშვილმა და მედეა მახარაშვილმა 2016 წლის 14 ივლისს შეიტანეს.

საკრებულოს სპეციალისტების უფლებებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი დაიცავს.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი თანამშრომლები, ამჟამად, საკრებულოში თავიანთი თანამდებობების მოვალეობის შემსრულებლები არიან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ,,ქართული პარტიის" წევრის ილია მეტრეველის ქმედება პოლიტიკურად იყოს მოტივირებული.

,,საკრებულოს თავმჯდომარის ქმედება დისკრიმინაციული და უკანონოა. გათავისუფლებული თანამშრომლების საქმიანობა არავის შეუსწავლია და მიზეზი, რაც ოფიციალურად არსებობს, ყველა კანონს ცდება.“ - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

გათავისუფლების მიზეზად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაა მითითებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები