ახალი ამბები
საბავშვო ბაღების აღმზრდელები ,,სასკოლო მზაობის" პროგრამაში ჩაერთვნენ
ქალაქ გორის საბავშვო ბაღების 43 აღმზრდელი ,,სასკოლო მზაობის" პროგრამაში ჩაერთო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ქალაქის მერის ინიციატივით ხორციელდება.

სასწავლო პროცესს ,,დემოკრატიული ჩართულობის" ცენტრში დარგის ექსპერტები, ააიპ ,,სკოლამდელი განათლების“ წარმომადგენლები თამარ ბაქრაძე და ნინო ჯიჯავაძე უძღვებიან.

სასკოლო მზაობის პროგრამის სწავლება 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპის ტრენინგები 21 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. მეორე ეტაპის განხორციელებას კი მერიის განათლების განყოფილება 28-29 ივლისს გეგმავს.

,,თანამედროვე განათლების სისტემა დღეს ფართოდ იყენებს ,,სასკოლო მზაობის“ ცნებას, რომელიც სკოლის სპეციფიკური მოთხოვნებისადმი ბავშვთა მზაობას გულისხმობს. ჩვენი სააღმზრდელო დაწესებულები დღეს სწორედ სასკოლო მზაობის პროგრამით მუშაობენ, ამიტომ ვფიქრობ, დროულ და აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა მათი გადამზადება ამავე მიმართულებით სწორედ დარგის საუკეთესო ექსპერტების მიერ, რომლებიც ამავე დროს სასკოლო მზაობის სახელმძღვანელოების თანაავტორები არიან“ - განაცხადა მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ.

სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც ტრენინგის მოდულს წარმოადგენს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა.

სასკოლო მზაობის პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდიკის საშუალებით, 5-6 წლის ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს.

იგი ხელს უწყობს აღსაზრდელის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას; მოტორული, სოციალური, ემოციური, მეტყველებისა და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას.

პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის.

იგი ეხმარება თითოეულ მათგანს, მაქსიმალურად განივითაროს თავისი პოტენციალი და ჩამოუყალიბდეს საჭირო უნარ-ჩვევები მომავალი ცხოვრებისა და წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები