ახალი ამბები
ბავშვები - პოლიტიკოსების პიარ მიზნებისთვის
პოლიტიკოსები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები საკუთარი პოპულარიზაციისთვი ბავშვების მძიმე სოციალურ მდგომარეობას აქტიურად იყენებენ.

ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ დღეს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშშია საუბარი.

სპეციალისტების თქმით, პოლიტიკოსებს, ბავშვების სოციალური მდგომარეობის გამოყენების კუთხით, მედია უწყობს ხელს.

მათ ყურადღება, მაგალითისთვის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 12 წლის გიორგისთვის „ოცნების ახდენისა“ და ველოსიპედის ყიდვის შესახებ, მასალას მიაქციეს.

პოლიტიკოსების მიერ საკუთარი პოპულარიზაციისთვის ბავშვების მდგომარეობის გამოყენების ფაქტს ადასტურებს ასევე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული სტატია - “საკრებულოს თავმჯდომარე ბავშვებს თავისი ხელფასით დაასვენებს” .

21 გვერდიან ანგარიშში სხვადასხვა მედიასაშუალებების სტატიები და რეპორტაჟებია განხილული.

ანგარიში მოიცავს 2016 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისის პერიოდს და შეფასებულია სხვადასხვა ტიპის მედიის თავისებურებები.

ასევე წარმოდგენილია ძირითადი ტენდენციები და შესწავლილი მასალების დეტალური ანალიზი, გამოკვეთილი ხარვეზები და რეკომენდაციები.

2016 წელს გასულ წელთან შედარებით ბავშვთა საკითხების გაშუქება შემცირდა.

თუ 2015 წლის 1 მარტი - 1 ივნისის პერიოდში 4777 მასალა გამოქვეყნდა, რომელიც ბავშვებს პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა, 2016 წლის 1 აპრილი-1 ივლისის პერიოდში ამ მაჩვენებელმა 4264  შეადგინა.

2015 წელთან შედარებით შემცირდა ბავშვთა საკითხების გაშუქება. ბავშვების თემა ყველაზე ხშირად განათლებასა და ქველმოქმედებასთან დაკავშირებით შუქდება

ბავშვების შესახებ მომზადებული მასალების მხოლოდ 1% პროცენტს შეადგენს ისეთი ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც საკითხი სიღრმისეულადაა განხილული.

ექსპერტების შეფასებით, ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული მასალების უმრავლესობა ზედაპირული და ფრაგმენტულია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედეგებთან შედარებით 13-დან 34 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ.

ბავშვების ხმა ყველაზე მეტად სპორტისა და კულტურის თემებთან დაკავშირებულ მასალებში ისმის.

ბავშვთა უფლებების თემაზე მასალების მხოლოდ 16 პროცენტი მომზადდა, სადაც ბავშვი საუბრობდა.

ბავშვებთან დაკავშირებული კანონპროექტები ძირითადად პოლიტიკოსების დაპირისპირების ჭრილში განიხილება. აუდიტორიისთვის უცნობი რჩება რა გავლენას იქონიებს ცვლილები ბავშვის ცხოვრებაზე.

პრობლემად რჩება ბავშვების გამოყენება რეკლამისა და ქველმოქმედების ობიექტებად.

ხშირად ასეთ შემთხვევაში ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებებში ქვეყნდება, თუმცა მითითებული არ არის, რომ ტექსტი დაფინანსებულია და არ მომზადებულა სარედაქციო პასუხისმგებლობის ქვეშ.

პოლიტიკოსები/სახელმწიფო უწყებები ბავშვების მძიმე სოციალურ მდგომარეობას აქტიურად იყენებენ საკუთარი პოპულარიზაციისთვის.

სოციალურ პრობლემებზე მომზადებულ მასალებში ბავშვები ემოციის გასამძაფრებლად გამოიყენება.

ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების საკითხი უმთავრესად ქველმოქმედების ჭრილში შუქდება, მედია ცდილობს თავად მოიძიოს სახსრები მათ დასახმარებლად და აქცენტს არ აკეთებს სისტემურ პრობლემაზე, რის გამოც ბავშვებს რიგითი მოქალაქეების დახმარება სჭირდებათ.

ბავშვებთან დაკავშირებით მომზადებულ მასალებში ეთიკური სტანდარტების დარღვევა რამდენიმე შემთხვევაში გამოიხატა ძალადობის მსხვერპლი ანდა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირებაში.

კვლავაც არაერთი მასალა გამოქვეყნდა, რითიც ბავშვების სხვდასხვა ნიშნით სტიგმატიზება მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები