ახალი ამბები
ქარელელ გლეხს ხილი აღარ გაუფუჭდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში რევაზ ნანეტაშვილი ჩირისა და ტყლაპის საწარმოს ამუშავებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების სტუმრობისას პროდუქციის დიდი ნაწილი უკვე გაყიდული ჰქონდა.

ამჯერად უკვე ნედლეულის ახალი პარტიის შეძენას აპირებს, განსაკუთრებით, მოთხოვნადი ქლიავის ჩირი და ტყლაპია.

საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ საწარმოში ოჯახის წევრები და დისშვილი ჰყავს დასაქმებული.

,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსება 5 ათასი ლარი მიიღო. ამ თანხით კი, ხილის საშრობი დანადგარი შეიძინა.

რევაზ ნანეტაშვილი ამბობს, რომ მეორად ხილს, ძირითადად, ადგილობრივი მცირე ფერმერებისგან იძენს.

ვაშლი, ქლიავი და გარგარი საუკეთესო ნედლეულია ჩირისთვის და ტყლაპისთვის.

ამ საქმეში მას გარკვეული გამოცდილება ისედაც ჰქონდა, რადგან პროგრამაში ,,აწარმოე საქართველო" ჩართვამდე პროდუქტს კუსტარულად ამზადებდა.

დღეს უკვე ერთჯერადად 300-მდე ერთეული ჩირისა და ტყლაპის წარმოება შეუძლია.

,,იმისათვის, რომ პროდუქციის რაოდენობა გავზარდო, ამისათვის საკმარისი რაოდენობის ნედლეულია საჭირო. გასულ და მიმდინარე წელს მოსახლეობამ სეტყვისგან დიდი დაზარალი მიიღო. ამიტომ ნედლეული მცირეა და ფასი ძვირი. შესაბამისად, ჩირისა და ტყლაპის ფასიც ძვირდება." - გვეუბნება რევაზ ნანეტაშვილი.

მისი თქმით, მომავალში წარმოების გაფართოებას აპირებს. რაც იმაში გამოიხატება, რომ დამატებით ხილის საჭრელი დანადგარები დაჭირდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები