ახალი ამბები
ესპანური ორგანიზაცია ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" დევნილთა საკითხებით დაინტერესდა
ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კვლევა-ძიების შედეგები გორში ესპანური ორგანიზაციის ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" წევრებმა წარადგინეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, ესპანელებთან ერთად, კიდევ ერთი ორგანიზაციის ,,კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წევრები ესწრებოდნენ.

პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე, სტუმრები დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროების მხარდაჭერას ახორციელებენ, საარსებო წყაროებში დასაქმება და მეწარმეობის ხელშეწყობა იგულისხმება.

შიდა ქართლის ჩათვლით, პროექტის ავტორები პროფესიული განვითარების, მეწარმეობისა და დასაქმების ხელმისაწვდომობით, ასევე ინკლუზიური მიდგომების ადვოკატრებითა და ინტეგრაციით გრძელვადიანი საარსებო წყაროების ხელშეწყობას სამეგრელო - ზემო სვანეთშიც განიხილავენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე კვლევების შედეგები წარადგინეს:

პირველი - ესაა დევნილთა და ადგილობრივ მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საწყისი მდგომარეობის კვლევა, ხოლო მეორე - ბენეფიციართათვის უნარ-ჩვევების, განვითარებისა და ტრენინგების საჭიროების შეფასება.

ამ შედეგების მიხედვით რეკომენდაციები შემუშავდა.

იმის გამო, რომ შეხვედრა მედიისთვის ცნობილი არ იყო, რეკომენდაციების შინაარსი, შესაბამისად, მხოლოდ სამუშაო ოთახის წევრებისთვის გახდა ცნობილი.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქ გორის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, ადგილობრივი კოლეჯებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები