ახალი ამბები
ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრის ოფისი შენდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ,,საზოგადოებრივი ცენტრის" ოფისი შენდება.

მშენებლობა, სავარაუდოდ, შემოდგომამდე დასრულდება.

ოფისის გახსნის შემდეგ კი, ტყვიავის მახლობლად მდებარე სოფლების მოსახლეობას 200-ზე მეტი მომსახურების მიღება, სოფლიდან გაუსვლელად, შეუძლია.

გორის მუნიციპალიტეტში ასეთი ოფისი სოფელ მეჯვრისხევში გასულ წელს გაიხსნა.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება, ძირითადად, რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ადმინისტრაციული საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ორნამენტი“ აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის 470 407 ლარია გამოყოფილი.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები