ახალი ამბები
ხაშურში სასულიერო პირს სახლიდან ყველი მოპარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაუფლებას საცავში შეღწევით გულისხმობს.

დაკავებულს ყველის ქურდობის გამო წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიების ვერსიით იგი, სავარაუდოდ, ყველის ქურდობების დანარჩენი ფაქტების მონაწილეა.

ქალაქ ხაშურში და რამდენიმე სოფელში რამდენიმე წელია ოჯახებიდან ყველს იპარავენ.

დამნაშავე, სავარაუდოდ, მოპარულ პროდუქტს ყიდიდა, ხოლო სამართალდამცავები ფაქტს ვერ იძიებდნენ.

ყველის ქურდმა სასულიერო პირის საცხოვრებელი სახლის სარდაფამდეც მიაღწია და ყველი მოიპარა.

,,საქმე ამჟამად სასამართლოშია გადაცემული, წინასწარი გამოძიება დასრულდა და დანარჩენ დეტალებს შეგიძლიათ იქ გაეცნოთ" - გვითხრეს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები