ახალი ამბები
მორიგი ავარია შაუმიანი-გორკის გადაკვეთაზე
გვიან ღამით ქალაქ გორიში, შაუმიანისა და გორკის ქუჩების გადაკვეთაზე ავარია მოხდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მსუბუქი ავტომანქანა გადატრიალდა.

აღნიშნულ მანქანაში ტაქსის მძღოლი იჯდა.

მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანიდან ბუნებრივი აირის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და გაზი ჟონავდა.

,,შესაძლებელი იყო მანქანას ცეცხლი გასჩენოდა, ან აფეთქებულიყო და სასწრაფოდ მოსახლეობა გავიყვანეთ შორიახლოს" - გვითხრეს ადგილობრივებმა.

ავარიის ფოტოები ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა მოგვაწოდა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე დამატებითი საგზაო ნიშნების დაყენებაა საჭირო.

,,მოსახლეობის ხელმოწერები დიდი ხანია შევაგროვეთ, აქციაც გავმართეთ, ვითხოვთ ე.წ. ბუგაროვკების დაყენებას. ეს საკმაოდ რთული მონაკვეთია. მძღოლი, რომელიც გორკის ქუჩაზე მოძრაობს, იცის, რომ ის მთავარ გზაზე მიდის. მოულოდნელად შაუმიანის ქუჩას კვეთს, სადაც სტოპ ნიშანი საკმაოდ მოუხერხებელ ადგილზე დგას და არც ჩანს" - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

სავარაუდოდ, უახლოეს საკრებულოს სხდომაზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დამატებითი საგზაო ნიშნების ან მოწყობილობების დაყენებაზე იმსჯელებენ. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები