ახალი ამბები
გორის მერია ესპანური მეთოდოლოგიით დასაქმების პროგრამის გაგრძელებას გეგმავს
ესპანური მეთოდოლოგიის (Employment Shuttle) დასაქმების პროგრამა, რომლის ორი ეტაპიც გორში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა, სექტემბრიდან ქალაქის მერიის დაფინანსებით გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტი გამოხატავს სურვილს, რომ გახდეს პროექტის დამფინანსებელი, ხოლო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად მერი საკრებულოს წევრებს უახლოეს სხდომაზე მიმართავს.

დასაქმების პროგრამას ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ახორციელებს.

„იმისათვის რომ აღნიშნული პროგრამა განხორციელდეს, პროგრამის დასაფინანსებლად საჭიროა ადგილობრივ ბიუჯეტში 32 000 ლარის გათვალისწინებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირონ. თვითმმართველობის ინიციატივა მსგავსი პროექტის დაფინანსების შესახებ უპრეცედენტოა. პროგრამის შედეგების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მისი უწყვეტობა, რაც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას სასიკეთოდ წაადგება. იმედი მაქვს მომავალში პროგრამით დაინტერესდებიან სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები და მის დაფინანსებას გაგრძელებენ“, - აცხადებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქუთათელაძე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში მერიის ფინანასური მხარდაჭერით პროგრამის ფარგლებში 5 თვიან გადასამზადებელ კურსს 20 ბენეფიციარი გაივლის. შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ქალაქ გორში რეგისტრირებული 18-დან 45 წლამდე ასაკის მოქალქეები შეძლებენ.

დასაქმების პროგრამა იძულებით გადადგილებულ და ადგილობრივ უმუშევარ მოსახლეობას დაეხმარება სიღარიბის დაძლევაში, დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში და სამსახურის ძიებაში.

პირველ ეტაპზე დასაქმების პროგრამაში 27 ადამიანი დასაქმდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები