ახალი ამბები
ბერძენაულის საზოგადოებრივი ცენტრი 8 ათას მოსახლეს მოემსახურება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება.

სამუშაოები 2016 წლის აპრილში დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 28 ივლისს მშენებარე ობიექტს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოებს ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები