ახალი ამბები
გორში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა
გორში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, ასეთი ტიპის სკოლა საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში 25 ივლისიდან ფუნქციონირებს.

საერთო ჯამში 500-მდე ახალგაზრდა ცოდნას საარჩევნო საკითხებზე იღებს.

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, წელს ამ პროექტს ევროსაბჭოსა (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებენ.

მისი თქმით, ახალგაზრდები, საარჩევნო საკითხებზე 10-დღიან სასწავლო კურსს გაივლიან.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ცესკომ, პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო.

ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, 2015 წელს ერთის მაგივრად სამი კურსი ჩატარდა.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და სწავლება 20 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) ტარდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები