ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა გორში აგვისტოს ომი გაიხსენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში სიტყვით გამოსვლა აგვისტოს ომის გახსენებით დაიწყო და დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ქედს ვიხრი ამ მხარის გმირობის წინაშე, ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე, უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ და გითხრათ - დღეს რომ ქართლი და მთლიანად საქართველო ისევ ფეხზე დგას, თქვენი გამძლეობის, თქვენი თავდადებისა და სამშობლოს ერთგულების დამსახურებაა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში შეკრებილ მოსახლეობას.

„სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდა სისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართლმა კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა, კიდევ ერთხელ შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპულები და კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას. ქედს ვიხრით ყველანი მათი უკვდავი სულების წინაშე“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყანაში ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნებაა.

„როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა, საფრთხე არ გამქრალა, დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე უფლება არა გვაქვს ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუმცა, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის“.-განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, დღეს პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" შიდა ქართლში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები