ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი: ,,2017 წელს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემას მთლიანად გადავჭრით"
გორში ყოფნისას გიორგი კვირიკაშვილი დევნილებს გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. 

„მინდა მივესალმო დევნილებს და მადლობა ვუთხრა მათ გამძლეობისთვის. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ. ჩვენ ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს. დაგეგმილი გვაქვს, 2017 წელს მთლიანად გადავჭრათ შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა და მმართველობის ეფექტიანი სისტემა - ეს არის ის, რაც დღეს ადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად შეცვლის უკეთესობისაკენ.

„ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ საზღვრისპირა სოფლებს, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდზეა“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა და ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფლებში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები