ახალი ამბები
2017 წლის ბოლომდე გამყოფ ხაზთან წყალი ყველა სოფელში იქნება
2017 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წყლის პრობლემა მოგვარდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გორში პარტია ,,ქართული ოცნების" რეგიონალურ ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, 56-ვე სოფელში მცხოვრებლებს სასმელი წყალი ექნებათ. გაზიფიცირების სამუშაოები კი, ყველგან დამთავრებულია.

„საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველა სოფელში, და ასეთია 56 სოფელი, უკვე დასრულდა გაზიფიცირება და დღეისათვის ყველა უზრუნველყოფილია გაზით. ასევე ყველა ეს სოფელი გამრიცხველიანებულია. 19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, 2017 წლის ბოლომდე კი ყველა სოფელს ექნება წყალი. 17 სოფელში ავაშენეთ ახალი ამბულატორია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში და ვაფინანსებთ სტუდენტების საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მორალური ტვირთი ამ სოფლების მოსახლეობას.“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრმა 4 წლიანი პერიოდის შეფასებისას აღნიშნა, რომ საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა და მმართველობის ეფექტიანი სისტემა - ეს არის ის, რაც დღეს ადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად შეცვლის უკეთესობისაკენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები