ახალი ამბები
რა ფუნქცია ექნება მედია ცენტრებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ათივე ცენტრში, მედია ცენტრები გაიხსნა.

ოფიციალური გახსნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით დაიწყო.

მედია ცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ხელს შეუწყობს საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

უფრო კონკრეტულად, მედია ცენტრებში დაგეგმილია: მედია ბრიფინგების ორგანიზება; კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება.

ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, სრულყოფილი სია არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების შესახებ და ა.შ.).

არჩევნების დღეს მედია ცენტრებში ჩატარდება არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქმიანობა: სადამკვირვებლო მისიების/ორგანიზაციების ბრიფინგები ჟურნალისტების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის. ასევე, საპარლამენტო კანდიდატების ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. მედია ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნება ლაივსტრიმების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

მედია ცენტრების სამუშაო საათებია ორშაბათი-შაბათი 10:00 – 19:00სთ. არჩევნების დღეს მედია ცენტრები გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედია ცენტრებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია www.cce.ge საიტის კალენდარზე. მედია ცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობს 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.

მედია ცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები