ახალი ამბები
რადიო ,,მოზაიკამ" მსმენელს სოფლად მცხოვრები ქალების ხმა მოასმენინა
“როცა ჩავფიქრდები და თავს ჩავღუნავ, ჩემი თავი ისევ ის ლამაზი და ახალგაზრდა ქალი მგონია, რაც ვიყავი, მაგრამ მერე, როცა სარკეში ვიხედები, საკუთარ თავს ვეუბნები, ვაი, შენ დედას ეთერი! თურმე როგორ დაბერებულ ხარ – მეთქი! 

ეს სიტყვები 82 წლის ეთერ ტურაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი ხმა რადიო მოზაიკამ მსმენელამდე მიიტანა.

სოფელ ბოშურში მცხოვრები პედაგოგი, 83 წლის ლილი თინიკაშვილი ფიქრობს, რომ ქალი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, საკუთარ თავზე ზრუნვა მაინც უნდა მოახერხოს.

სახის კანი, ფრჩხილები, თმები და ჩაცმულობა – ეს 80 წელს გადაცილებულ ლილი თინიკაშვილისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და როგორც რადიო ,,მოზაიკას" ეუბნება, ეს საოჯახო საქმიანობაში ხელს არასოდეს უშლის. 

,,ქალი ყველაზე კარგი არის ბალზაკის წლებში, 45-დან 50 წლამდე, და ის წლები რომ დამიბრუნდეს, ძალიან კარგი იქნება. იმიტომ, რომ ლამაზი ვიყავი" - ამბობს 80 წლის ლილი თინიკაშვილი.

რადიო ,,მოზაიკის" რედაქტორმა გვანცა დოლუაშვილმა პროექტის ,,ქალები ქალაქს მიღმა" ანგარიში წარადგინა. მან და სათემო რადიოს სხვა ჟურნალისტებმა (ნინო ჩიბჩიური, ლიკა შამუგია და სხვ) სოფლად მცხოვრები ქალების ისტორიები ჩაწერეს და აუდიოვერსიის სახით მსმენელს წარუდგინეს.

შემდეგ ეს ისტორიები ბეჭდური სახით წიგნში შეიტანეს და ბროშურა გამოსცეს.

პრეზენტაციისას ჩაწერილი ყველა ინტერვიუს ნაწყვეტები  მოასმენინეს სტუმრებს.

“მინდა, რომ დავბრუნდეთ ისევ იმ ძველ დროში და ისევ ვმუშაობდე ამჟამად ოკუპირებული სოფლის, ქსუისის ამბულატორიაში,” – ამბობს ლალი ვორონინა, რომელიც ახლა 59 წლის არის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ცხოვრობს. 

“ერთი ოცნაბა ის მქონდა, რომ გემზე მეზღვაური ვყოფილიავი. როცა წამოვიზარდე, მაშინდელი მენტალიტეტიდან გამომდინარე, დავფიქრდი, რომ ქალი მეზღვაური ცოტა სხვანაირად ჩანდა,” – ისმის იზოლდა ეცადაშვილის ხმა, რომელიც ახლა 42 წლის არის და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს.  

“ამჟამად დიასახლისი ვარ. ჩემთვის ყოველი დღე დატვირთულია, დილიდან საღამომდე ვსაქმიანობ. განვითარებაზე ფიქრი ახლა დავიწყე და კულინარიის კურსებს გავდივარ,” – ამბობს მარიკა თაბოშვილი, რომელიც ახლა 37 წლის არის და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. 

61 წლის ეველინა კოჩიევი საკუთარ ბედს არ უჩივის, თუმცა ამბობს, რომ ოჯახი უსიყვარულოდ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ძალდატანებით შექმნა. ამ ისტორიის გახსენებისას შემდეგ აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებები დროსთან ერთად შეიცვალა და მიხვდა, რომ ოჯახის შექმნამდე ქალმა ჯერ განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაზე უნდა იფიქროს.

პროექტის წარმომადგენლებმა 25 ქალის ისტორია მოისმინეს. გარდა აუდიო ვერსიისა, რომელსაც რადიო ,,მოზაიკა“პერიოდულად საკუთარ ვებ პორტალზე ანთავსებდა, სოფლად მცხოვრები ქალების ყოფა-ცხოვრებაზე ფოტო-პროექტიც მომზადდა. 

ბოლოს პუბლიკაციის სახით ,,გზავნილი სოფლიდან" გამოსცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები