ახალი ამბები
ენერგეტიკის სამინისტრო ხაშურის მინისტარის ქარხნის წილის გასხვისებას აპირებს
ხაშურში მინისტარის ქარხნის 40%-ის მფლობელი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო წილის გაყიდვას აპირებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარხნის რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული, კომერციული დირექტორი სანდრო ბოცვაძე ესაუბრა.

მისი თქმით, თანამდებობა ერთი კვირის წინ იმიტომ დატოვა, რომ სამინისტრო საკუთარი წილის გაყიდვას გეგმავს.

ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2012 წლის აპრილში ჩაეყარა. მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო.

იმავე წლიდან სამუშაოები შეჩერდა. ამჟამად, ტერიტორიაზე მინის წარმოების ნაცვლად, მხოლოდ, დაცვის თანამშრომლები არიან.

უფრო კონკრეტულად, ქარხნის 40% მფლობელი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შვილობილი შ.პ.ს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაა, ხოლო დანარჩენ 60% აზერბაიჯანული კომპანია“ინტერ გლას აზერბაიჯან“ ფლობს.

„სამუშაოების შეჩერების მიზეზი ის არის, რომ ქარხანა ენერგეტიკის სამინისტორს ეკუთვნის და, რეალურად, აღნიშნულ სამინისტროსთან მინის ბოთლების წარმოება არაფერ შუაშია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან, რათა მთლიანად მათ დაქვემდებარებაში გადავიდეს ქარხანა.“ - გვეუბნება ბოცვაძე.

მისი ინფორმაციით, თუ აზერბაიჯანული კომპანია უარს იტყვის 40%-ის ყიდვაზე, მაშინ ენერგეტიკის სამინისტრო საკუთარ წილს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემს და ობიექტი გასხვისდება.

თავდაპირველად გაცხადებული იყო, რომ მშენებლობისთვის 22 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო, ქარხანას მინის ბოთლები უნდა ეწარმოებინა, შემდეგ ექსპორტზე უნდა გასულიყო და 200-მდე ადგილობრივი მუშახელის დასაქმება იგეგმებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები