ახალი ამბები
ქვახვრელში ფერმერს მინდვრიდან 10 ძროხა მოპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ვანო ნუსხელიძეს 10 ძროხა მოპარეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებული ესაუბრა.

მისი თქმით, ქურდობიდან უკვე მეოთხე დღე გავიდა და ამ მუხლით გამოძიებაც დღეს დაიწყო.

,,თავიდან პოლიციელებმა გვითხრეს, რომ შესაძლოა საქონელი მინდორში დარჩა და გამოჩნდესო, მაგრამ რა გამოჩნდება? როცა მოიპარეს" - გვითხრა ვანო ნუსხელიძემ.

ის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და ამბობს, რომ ნახირიდან, მხოლოდ, მისი, თანაც მეწველი ძროხები წაიყვანეს.

,,რამდენიმე ადამიანს საქონელი ერთ ფერმაში გვყავს გაერთიანებული. ფერმა მინდორში გავაკეთეთ და ზაფხულობით ძროხები იქვე ძოვენ მინდორში, ხანაც მწყემსის გარეშე. საბალახოდ გაშვებული ნახირიდან მხოლოდ ჩემი ძროხები წაიყვანეს, ყველა მეწველი. იქ დეკეულებიც იყო" - აცხადებს ვანო ნუსხელიძე.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 40-მდე ძროხა კასპის რაიონშიც დაიკარგა. ქვახვრელის მინდვრები კასპის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები