ახალი ამბები
ივანე გოგლიძემ ,,ნაციონალებს" ,,კულას" სახელის გამოყენება აუკრძალა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის ფანჯრები კომპანია ,,კულას" მფლობელმა ივანე გოგლიძემ ჩაამტვრია.

ამის შესახებ გოგლიძემ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოფისის ფანჯრების ჩამტვრევით ,,ნაციონალების" წევრები სუფთა ჰაერით უზრუნველყო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დაზიანებული ოფისის შესახებ მასალა გუშინ მოამზადა.

"ძალიან ბუნდოვანი და დახუთული სიტუაცია იყო ოფისში. ჰაერი არსაიდან არ შედიოდა და მინებიც დაზიანებული ჰქონდა. პრობლემა უმტკივნეულოდ და ეფექტურად გადავუწყვიტე. მათ მიიღეს სუფთა ჰაერი და ახალი აზრები. ეს ყველა პარტიას გამოადგება. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს მათი თხოვნით და მათი კეთილდღეობისთვის გაკეთდა" - განაცხადა ივანე გოგლიძემ.

აღნიშნული კომენტარი ტელეკომპანია 2030-მა გაავრცელა.

ივანე გოგლიძე ქალაქ გორის მაჟორიტარი კანდიდატის ალექსანდრე გოგლიძის ძმაა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ივანე გოგლიძის გაღიზიანების ნამდვილი მიზეზი გაარკვია.

,,კულას" მფლობელმა ,,ნაციონალებს" საარჩევნო კლიპში საწარმოს შესახებ ინფორმაციის გამოყენება აუკრძალა.

წვენებისა და ბავშვთა კვების მწარმოებელი კომპანიის წარმატებას ,,ნაციონალური მოძრაობა" თავის დამსახურებად მიიჩნევს.

ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კომპანიამ საწარმოს გაფართოების მიზნით სახელმწიფოსგან დაახლოებით 60 ათასი ლარის ღირებულების შეღავათიანი კრედიტი მიიღო.

რამდენიმე ხნის წინ შემოსავლების სამსახურმა კომპანიის შემოწმება დაიწყო. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ალექსანდრე გოგლიძის კანდიდატურის შესახებ საუბრები დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები