ახალი ამბები
დიცში წვეთოვანი სისტემის მონტაჟის შედეგად მოსავლის დიდ რაოდენობას ელოდებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ლავრენტი ბარიშვილმა საკუთარ ნაკვეთში წვეთური მორწყვის სისტემა გამართა.

ამ სისტემის დანერგვაში მას შპს ,,საქართველოს მელიორაციის" სპეციალისტები დაეხმარნენ.

გამყოფი ხაზის სოფელში დაახლოებით ჰექტარნახევარზე ლავრენტი ბარიაშვილს კიტრი და პომიდორი მოჰყავს.

წვეთოვანი სისტემის დამონტაჟების შემდეგ მოსავალს ჯამურად 50-60 ტონას ელოდება.

„სხვა სოფელში ვამუშავებდი მიწას, არბოს სატუმბი სადგური რაც ამუშავდა დიცში დავიწყე მიწის დამუშავება. ჰექტარნახევარს ვამუშავებ, მომყავს კიტრი და პომიდორი. წვეთური მორწყვის სისტემა გავაკეთე, რომ მეტი მოსავალი მივიღო. 50-დან 60 ტონამდე პომიდორის მოსავალს ველოდები“-ამბობს ლავრენტი ბარიშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ სპეციალისტებმა სოფელ დიცში ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჩაატარა:

,,კამპანიის ფარგლებში ტარდება შეხვედრები წყალმომხმარებლებთან, რომელთაც მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების უპირატესობების შესახებ. ირიგაციის ეს მეთოდები მორწყვის ტრადიციულ წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლის ხარისხს და რაოდენობას." - აღნიშნავენ მელიორაციის სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები