ახალი ამბები
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ცესკოში უჩივლეს
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნოდარ გურასპაშვილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უჩივლეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

საჩივრის მიხედვით, პრეტენზიები კიდევ ერთი კომისიის წევრის ნანი ბეგლარაშვილის მიმართაც არსებობს.

მომჩივანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელი რობერტ კავთიაშვილია.

მისი განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ქართული ოცნების" სახელით წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნანი ბეგლარაშვილი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ გურასპაშვილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების შერჩევა-მომზადებაში იღებენ მონაწილეობას.

,,კერძოდ, ისინი ხვდებიან მართველი პარტიის თავჯდომარეს, იღებენ მისგან დავალებებს და გადიან მასთან კონსულტაციებს." - აცხადებს რობერტ კავთიაშვილი.

გარდა საჩივარისა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს სხვა დამატებითი რაიმე სახის მტკიცებულებები წარდგენილი არა აქვს.

ცესკომ განსახილველად განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნა და მიმდინარეობს ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა.

ნოდარ გურასპაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა გაჩაღებული და კონკრეტული პირები მხოლოდ მის მიმართ წერენ დაუსაბუთებელ საჩივრებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები