ქალაქ გორში, სადგურის დასახლების მთავარი მაგისტრალების -
კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების მოასფალტებისთვის დაახლოებით 2 მლნ
ლარი გამოიყო.
ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სადგურელებთან
გამართულ შეხვედრის დროს ესაუბრა.
ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ტენდერი 12 სექტემბერს დასრულდება, ხოლო
გამარჯვებული კომპანია უფლისციხისკენ და ატენისკენ მიმავალ გზაზე
ასფალტის ახალ საფარს წლის ბოლმდე დააგებს.
კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩები საკანალიზაციო სამუშაოების ჩატარების
შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა. სატრანსპორტო მიმოსვლა გახშირებულია.
დაზიანებული საფარის გამო უკმაყოფილებას ტურისტულ ზონისკენ მიმავალი
მგზვრებიც გამოთქვამენ.
პროექტი სანიაღვრე სისტემის, ეზოში შესასვლელებისა და
ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების შემსყიდველი
ორგანიზაციაა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის
ზუსტი ღირებულება კი, 2 011 008 ლარს შეადგენს.
„ბოლო წლების განმავლობაში რკინიგზის დასახლებაში უპრეცედენტო
ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთია
კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც
მიმდინარე წელს დაიწყება. უკვე მოეწყო გამწმენდი ნაგებობა და
კანალიზაციის ქსელი, რომელიც აღნიშნულ დასახლებას არასდროს ჰქონია.
რეაბილიტირდა დაახლოებით 6,5 კმ სიგრძის გზა და ამავე სიგრძის
სანიაღვრე სისტემა. დარჩენილი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები
მომავალ წელს დაიწყება. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია დასახლებაში
არსებული სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. გარდა ამისა,
ვფიქრობთ მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ავაშენოთ
საბავშვო ბაღი.“ - აღნიშნა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები