ახალი ამბები
მანქანების სიგნალები გორში და გამარჯვება რიოში
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოლიმპიურ ოქროს გორის ქუჩებში მანქანების სიგნალებით შეხვდნენ.

,,მიულერას ბიჭი" - ასე იცნობენ სპორტულ სამყაროში ლადო ხინჩეგაშვილს უფროსი თაობის წარმომადგენლები. ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა, წარმატებული მოჭიდავის გია ხინჩეგაშვილის შვილი, სწორედ, მამის მეგობრებმა 8 წლის ასაკში მიიყვანეს ჭიდაობაზე.

ნუგზარ სხირელის სკოლაში ლადო ხინჩეგაშვილის პირველი მწვრთნელი არკადი ხინჩეგაშვილი იყო, შემდეგ, შეგირდის წარმატებამ ნუგზარ სხირელის თვალწინ გაიარა.

ამჟამად, ოლიმპიური ჩემპიონი ყველა გამარჯვებას მამის ხსოვნას უძღვნის. ,,მიულერა" ცნობილი ფეხბურთელის გერდ მიულერის გამო შეარქვეს. ლადო ხინჩეგაშვილის მამა მიულერს გულშემატკივრობდა.

რამდენიმე საათის წინ კი, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ 57 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში იაპონელი ჰიგუჩი რეი დაამარცხა.

საერთაშორისო ასპრეზზე ლადოს უწყვეტი წარმატება 21 წლის ასაკიდან დაიწყო და 25 წლის ასაკში ოლიმპიური ოქროც მოიპოვა.

დაიბადა 1991 წლის 18 აპრილს, გორში.

დიდებში - ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალისტი, საქართველოს ჩემპიონი და ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ახალგაზრდებში - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2010; 2011) და მესამე პრიზიორი (2008), ორჯერ (2008, 2011) მოიგო ევროპის პირველობა და გახდა მეორე პრიზიორი (2010),

ჭაბუკებში - საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი (2008).

2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ევროპის 2-გზის (2014, 2016) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონობაც მიითვალა.

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები