ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელფასო დანამატი გასცა
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოითხოვა.

გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2016 წლის პირველი მაისიდან 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით გამგეობის 68 თანამშრომელზე სახელფასო დანამატის სახით 17 000 ლარი გამოიყო.

ამავე პერიოდში პრემიის სახით თანხა მუნიციპალიტეტის გაგეობის თანამშრომლებს არ მიუღიათ.

რაც შეეხება გასულ თვეებს,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის მარტში და აპრილში გაცემულმა საპრემიო თანხამ 96 985 ლარი შეადგინა.

საერთო ჯამში აღნიშნულ თვეებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემია 141-მა საჯარო მოხელემ მიიღო.

მარტში პრემია 63 თანამშრომელზე გაიცა და თანხამ 7875 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება აპრილს 141-მა თანამშრომელმა 89 110 ლარი მიიღო.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის თებევრალში თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი გასცა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სახელფასო დანამატის სახით გამგეობის 124 თანამშრომელზე გაცემულია 19 792 ლარი. როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა დანამატი არ აუღია მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ხაშურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ სახელფასო დანამატების გაცემა საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 37-ე მუხლის პირველი,მეორე და მესამე პუნქტების საფუძველზე მოხდა.

პუნქტი 1.მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

2. სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

საერთო ჯამში 2016 წელის ამ დროის მონაცემებით ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 133 777 ლარი გაიცა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები