ახალი ამბები
ხაშურის გამგებელთან დაპირისპირების გამო ,,ქართული ოცნება" საკრებულოს თანამშრომელმა დატოვა
,,ქართული ოცნების" ხაშურის ორგანიზაცია საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა ია ქურდაძემ დატოვა.

ამის მიზეზად იგი ხაშურის გამგებელთან გიორგი გურასპაშვილთან დაპირისპირებას ასახელებს.

ია ქურდაძის თქმით, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრებმა მას გამგებლისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

„ოფიციალურად მომთხოვეს გურასპაშვილისთვის ბოდიში მომეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიიდან გარიცხვით დამემუქრნენ. მე კი, ყოველთვის გავიმეორებ, რომ გურასპაშვილმა ხაშურის ქართული ოცნება დაშალა და სადავეები ნაციონალებს მისცა" - ამბობს ია ქურდაძე.

მისი მტკიცებით, მას ასევე მოსთხოვეს, რომ ურთიერთობა პავლე ლაცაბიძესთან და ირინა გელაშვილთან შეეწყვიტა.

პავლე ლაცაბიძე ხაშურის დამოუკიდებელი, ხოლო ირინა გელაშვილი პარტია „რესპუბლიკელების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

რაც შეეხება ,,ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ბიუროს სხდომას, მას საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძეც ესწრებოდა.

„მე პირადად წინააღმდეგი ვიყავი მისი პარტიიდან გარიცხვის, მაგრამ ფაქტები დაუდეს პავლე ლაცაბიძესთან ურთიერთობის. არავის აურკძალია ურთიერთობა, უბრალოდ, საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ეხმარებოდეს ეს პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე.“ - აცხადებს ვაჟა შუბითიძე.

ია ქურდაძე ,,ქართულ ოცნებას" 2013 წლიდან შეუერთდა, მანამდე, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები