ახალი ამბები
ცენტრისტები არჩევნებში ,,სტალინელების" სახელით მიიღებს მონაწილეობას
ცენტრისტების ლიდერები ლადო ბედუკაძე და თემურ ხაჩიშვილი არჩევნებში მონაწილეობას კომუნისტური პარტიის ,,სტალინელის" სახელით მიიღებს.

ამის შესახებ მათ დღეს შიდა ქართლის პენსიონერთა კლუბში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

თემურ ხაჩიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ცესკომ ,,ცენტრისტები" საარჩევნო სუბიექტების სიიდან მოხსნა,  ასპარეზი ,,ცენტრისტებს" ორგანიზაცია ,,სტალინელმა" დაუთმო. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გორში სტალინის ძეგლს დააბრუნებენ.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ,,სტალინელების" სახელით მიიღებენ მონაწილეობას. მაჟორიტარ კანდიდატად კი, შიდა ქართლის პენსიონერთა კლუბის ხელმძღვანელი მამუკა ბაინდურაშვილი დაასახელეს.

,,სტალინი იყო ფაშიზმთან მებრძოლი ადამიანი, ამიტომ, მისი დამსახურებაა ფაშიზმის დამარცხება და ის იყო ფენომენი, სხვა შეფასებას ვერ მივცემ, ასევე, ადგილობრივი მასშტაბით, ფაშიზმის დამარცხებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს. ორივე ეს ადამიანი ჩემთვის ფაშიზმთან მებრძოლი ადამიანები არიან" - განაცხადა ლადო ბედუკაძემ.

ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებდნენ, მანამდე, შიდა ქართლის პენსიონერთა კლუბის პრეზენტაცია მოეწყო.

აღნიშნული კლუბი მზრუნველობამოკლებულ პენსიონერებს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს.

,,კერძოდ, გვეყოლება ექიმი, რომელიც თითოეულ პენსიონერს მოემსახურება, ასევე, გვეყოლება იურისტი" - განაცხადა მამუკა ბაინდურაშვილმა.

ასევე, იგეგმება უსახლკაროებისთვისთვის თავშესაფრის გაკეთება.

კლუბში საწევრო გადასახადი არ იქნება. პენსიონერი ერთ თეთრს არ გადაიხდის. ორგანიზაცია შემოწირულობებაზე იარსებებს.

,,გვაქვს ურთიერთობა დონორ ორგანიზაციებთან და ისინი ყველანაირ დახმარებას გაგვიწევენ" - აღნიშნა მამუკა ბაინდურაშვილმა.

შემდეგ მამუკა ბაინდურაშვილმა პენსიონერებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თემურ ხაჩიშვილი გააცნო.  

,,ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბატონი მამუკა დათანხმდა ჩვენ შეთავაზებას, რომ ის იქნება მაჟორიტარი კანდიდატი" - აღნიშნა თემურ ხაჩიშვილმა.

ხაჩიშვილის თქმით, ერთადერთი საშუალება, რომლითაც საქართველოს გამთლიანება მოხდება, ესაა სტრატეგიული ურთიერთობა რუსეთთან.

,,თუ ჩვენ ვიწყებთ სტრატეგიულ ურთიერთობას რუსეთთან, დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან, ყველა პენსიონერი მიიღებს რუსულ პენსიას. ანალოგიური ხდება ისრაელში. ყველა ის ისრაელის მოქალაქე, რომელსაც კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან, ყველა იღებს რუსულ პენსიონას. ეს ფული ისრაელის ბიუჯეტს ერიცხება."- თქვა თემურ ხაჩიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები